ხაშურის „ივერიის“ სტადიონის მშენებლობა დასრულების სტადიაზეა



ხაშურის „ივერიის“ სტადიონის მშენებლობა დასრულების სტადიაზეა.

დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეები ნოდარ ლომიძე და ცოტნე ნოზაძე ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია ხელოვნურსაფარიანი მოედანი მაღალი სტანდარტის სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. სრულდება ტრიბუნებზე სკამების დამონტაჟება, მოწყობილია ღია ავტოსადგომი. დასასრულს უახლოვდება საშხაპეების მოწყობა, უკვე დაწყებულია ავეჯის და საჭირო ტექნიკის შესყიდვის პროცედურები.

"სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ განახლებულ სტადიონზე 20-ზე მეტი ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.

ხაშურის „ივერიის“ სტადიონის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, ხაშურის მუნიციპალიტეტის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.


)